ჩვენი საოჯახო ღვინის წარმოება სიღნაღის მახლობლად, სოფელ ვაქირში იღებს სათავეს. ოჯახში
ტრადიციადაა ქცეული ვენახის მოვლა და ღვინის წარმოება. ქართული სუფრის
ფენომენს აქ განსაკუთრებული ადგილი უკავია და ტრადიციული კახური წესით
დაყენებული ღვინოც მისი განუყრელი ნაწილია.

ოჯახური ტრადიციები, ქართული სუფრა, სიმღერა და ღვინო თაობიდან თაობას
გადაეცემა და ახალგაზრდა თაობაშიც დიდი სიყვარულით და ტრადიციების
გაგრძელების სურვილით გამოიხატება.
ტრადიციების ფართოდ გავრცელება და ნატურალური ღვინის პოპულარიზაცია ყოველთვის სანუკვარ სურვილად რჩებოდა ოჯახისთვის.
მრავალშვილიანი
ოჯახის შვილებმა ჯერ კიდევ გასული საუკუნის შუა წლებში სასწავლებლად და
სამუშაოდ თბილისს მიაშურეს. ძმებმაც თბილისში დაიწყეს მოღვაწეობა. ელგუჯა
საქართველოს ტელევიზიის დაფუძნების შემდეგ ათწლეულების მანძილზე წამყვან
სპეციალისტად მუშაობდა.
თუმცა წინაპრების ტრადიციას არ ივიწყებდა და უმცროს ძმასთან, ბიჭიკოსთან,
ერთად მშობლიურ სოფელს და ვენახს ყურადღებას არ აკლებდა. საპენსიო ასაკში
კი სულ დაუბრუნდა მშობლიურ ფესვებს და საყვარელ საქმეს - ღვინის
წარმოებას.

დღეს ელგუჯა უკვე 90 წლის არის და ისევ ისე მხნედ და ხალისით უვლის
საკუთარ მოსავალს, როგორც ბოლო 20 წელია, რაც ტელევიზიაში მუშაობა
დაამთავრა, პენსიაზე გავიდა და საკუთარ მამულს დაუბრუნდა ვაქირში.
ღვინის
დაყენება ხდება საკუთარი ვენახიდან მოწეული ყურძნით. ოჯახში ტრადიციულად
იწურებოდა ღვინო ძირითადად საკუთარი მოხმარებისთვის. ოჯახის ახლობლებმა
სიყვარულით ამ ღვინოს “შატო ელგუჯა” დაარქვეს. ის ყოველთვის დიდ მოწონებას
იმსახურებს თბილისელ ღვინის მოყვარულებში მდიდარი გემოსა და კახური
ღვინისთვის დამახასიათებელი მაღალი ტანინის გამო.
ოჯახის უფროსის რწმენით, ღვინო ცოცხალი ორგანიზმია. მას ისევე სჭირდება
მოვლა, ფერება, აღზრდა, როგორც ჩვილ ბავშვს. ღვინის წარმოება არა ყურძნის
დაწურვიდან, არამედ ვაზის გასხვლიდან იწყება. განსაკუთრებულ ყურადღებას
აქცევს ვენახის მოვლას, რაც ყოველწლიურად წინაპრებიდან გადმოცემული
ტრადიციული მეთოდით მიმდინარეობს. ღვინის დაყენების დროს არ ხდება
დამატებითი კომპონენტების შეტანა. ის ამბობს, რომ ვენახის მოვლის პროცესში
მაქსიმალურად უნდა იქნეს დაცული ხარისხის ნორმები. უნდა გამოირიცხოს
ვენახში ჯანრთელობისთვის მავნე ნივთიერებების შეტანა.
ღვინის დამზადების თითოეულ ეტაპზე მაქსიმალურად დაცულია ტემპერატურილი
რეჟიმი და ღვინის მოვლის ჰიგიენა. ვენახის მოვლა და ღვინის დაყენება
ერთმანეთზე გადაჯაჭვული პროცესია. ამიტომ ამ პროცესში ერთმანეთის გვერდში
დგომას და ოჯახის ყველა წევრის მონაწილეობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ძმების ცხოვრებისეული და პროფესიულ გამოცდილებას დიდი წვლილი შეაქვს
ხარისხიანი ღვინის შექმნაში.

ოჯახი ამ ეტაპზე რქაწითელის, საფერავის და ჩინური ჯიშებისგან ამზადებს
ღვინოს. ამ ღვინოების არომატების სიმძაფრის ერთერთი საიდუმლო ის გახლავთ
რომ ვენახი ურწყავ ნაკვეთშია. მას წვიმის გარდა სხვა წყალი არ ხვდება. ამ
მიზეზისა და ნიადაგის განსაკუთრებული თვისებების გამო ყურძენი მდიდარია
ბუნებრივი შაქრის შემცველობით. სწორედ ამიტომ, ღვინო ოდნავ ძლიერი გამოდის.
მზადდება ორი სახის ჭაჭა – “ჭაჭა ჩინურის” და “ჭაჭა რქაწითელის”. ჭაჭა ტრადიციული წესით გამოიხდება.