წითელი ღვინო - ხაშმის საფერავი - უკვე იმდენად ცნობილია საქართველოში, რომ დიდი წარდგენა აღარც სჭირდება. სოფელი ხაშმი თბილისიდან აღმოსავლეთით 40 კილომეტრშია. ეს არის გარე კახეთი, მდინარე ივრის ხეობაში. ხაშმის მიკროზონა სოფლის გარშემო მხოლოდ 883 ჰექტარს ითვლის და მხოლოდ ის ღვინო, რომელიც დაყენებულია ამ პატარა მიწის ნაკვეთზე მოწეული ყურძნით შეიძლება იწოდოს "ხაშმის საფერავად". ისიც არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ 1 ჰექტარზე არ შეიძლება 10 ტონაზე მეტი ყურძნის აღება - ჭარბმოსავლიანობა ისევე ვნებს ღვინის ხარისხს, როგორც მოუსავლიანობა. ეს შეზღუდვა კიდევ უფრომ იშვიათს ხდის ხაშმის საფერავს, ისევე როგორც ყველა მიკროზონის ღვინოს საქართველოში.
ხაშმის საფერავი არის მუქი წითელი ფერის. გემოვნებით ღვინო არის ხავერდოვანი, ჰარმონიული, მკვეთრად გამოხატული მაყვლის, მწიფე ქლიავის და შავი კუნელის არომატით.
დღეს, როცა ასე პოპულარული გახდა ღვინის წარმოება საქართველოში, ხაშმიც და მთლიანად მიკროზონა აღმავლობას გზაზეა და სულ უფრო მეტი ადამიანი აყენებს ხაშმის საფერავს. ვახტანგ კაჭარავა ერთ-ერთი იმათთაგანია, ვინც ამ ათიოდე წლის წინ შეიძინა მიწა ხაშმში, ჩაყარა ვაზი და ქართველი კაცისთვის დამახასიათებელი სიბეჯითით დაიწყო ვაზის მოვლა და როცა საფერავმა კარგად მოიკრიფა ძალა, ხაშმის საფერავის დაყენებაც.
ვახტანგის ღვინო არის ქართული წესით მოყვანილი კახური საფერავი და მეღვინე არ ღალატობს ერთხელ არჩეულ წესს - რასაც ღმერთი მოგვცემს ის არის ჩვენი საკმარი წელს. მთავარია სიბეჟითე, დაუღალავი შრომა, ახალი მეთოდების დროული დანერგვა საქმეში და, გარკვეულწილად, ფერმერისთვის დამახასიათებელი სიჯიუტე მიზნის მისაღწევად.
თითქოს ყველაფერი კარგად არის აწყობილი, მაგრამ ვახტანგი მაინც სულ ახლის ძიებაშია: როგორ გაამხნეოს ვაზი, როგორ მოამზადოს ჭურჭელი უკეთესად მოსავლის მისაღებად, როგორ მიაშველოს მორწყვა გვალვიან წლებში, რომელი ორგანული შესაწამლი საშუალება მოიხმაროს ვაზს იმისთვის, რომ არც ბუნებამ დაჩაგროს ვაზი და არც ბუნების წინააღმდეგ წავიდეს ფერმერი.
ამ ღვაწლის და სიბეჯითის შედეგიც სახეზეა: ყველა, ვისაც დაუგემოვნებია ვახტანგ კაჭარავას საფერავი ხაშმიდან, გულგრილი არავინ დარჩენილა, არც კაცი და არც ქალბატონები.
ამდენ დახასიათებას ერთხელ გასინჯვა ნამდვილად აჯობებს.